პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს რეკომენდაციები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები მათი განხორციელების კუთხით და ევროპის საბჭოს ჩართულობის შესაძლებლობები.
ნატალია ვუტოვამ გამოხატა ევროპის საბჭოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებში ჩართულობის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა. მხარეები რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ მენეჯერი უშანგი ბახტაძე და პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი მაია ჯორჯიკია.