არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ

არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ, - ამის შესახებ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული.

პროექტის დეტალები რიგგარეშე სესიაზე ინიციატივის ავტორმა, მიხელ სარჯველაძემ განმარტა.

„ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი, არის ორი: ერთი, რომ გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას, მეორე მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება - განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, გარკვეული პირობებით გავრცელდეს ამნისტია, კერძოდ, ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდა შინაპატიმრობით მოხდეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში და ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს და, შესაბამისად, შეიძლება რომ მათზე ეს შეღავათი გავრცელდეს. ამით მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ ამ პირებს რესოციალიზაციისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არც ერთს არ მიუცია.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 5 იანვრის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. მორიგი პლენარული სხდომა 11 იანვარს გაიმართება.