„112“-ს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში, ერიკ საივიკი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე, ჰეზერ ბერგი და საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ამერიკის საელჩოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკვე მრავალი წელია, წარმატებით თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.