ირანმა  ტრამპის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით, ინტერპოლს მიმართა

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, ირანმა დონალდ ტრამპისა და სხვა 47 ამერიკელი ჩინოვნიკის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით ინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა, ღულიამ-ჰოსეინ ესმაილიმ განაცხადა. ინფორმაციას Independent.co.uk ავრცელებს.

„ჩვენ ინტერპოლს მივმართეთ, 48 პირთან დაკავშირებით „წითელი ცირკულარის“ გაცემის თაობაზე. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და პენტაგონის ოფიციალური პირები არიან“, - განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა.

ღულიამ-ჰოსეინ ესმაილის თქმით, ტერაქტის გამოძიების მასალები, რომლის შედეგად ყასემ სულეიმანი დაიღუპა, საერთაშორისო საქმეების სპეციალურ სასამართლოში გადასცეს.

2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.