ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

მუსლიმური სამყაროს უდიდესი დღესასწაული ყურბან-ბაირამი ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს.  ამ დღესთან დაკავშირებით, მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, სადღესასწაული ლოცვა კი მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.

მუსლიმი მორწმუნეები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

ცნობისთვის, ყურბან-ბაირამი ბიბლიურ თქმულებას უკავშირდება. უშვილო აბრაამმა ღვთის წინაშე პირობა დადო, რომ შვილი თუ მიეცემოდა, უფალს საყვარელ არსებას შესწირავდა. მას მართლაც გაუჩნდა შვილი და სიზმარი ნახა, რომ მადლიერების გამოსახატად ღმერთისთვის სწორედ შვილი უნდა შეეწირა, აბრაამმა ღვთისადმი მიცემული პირობა არ დაარღვია და შვილი სამსხვერპლოზე მიიყვანა. თუმცა უფალი მის ერთგულებაში დარწმუნდა და შვილის ნაცვლად შესაწირად ზვარაკი გამოუგზავნა. მუსლიმურ სამყაროში სწორედ ამ თქმულებას მიიჩნევენ ყურბან-ბაირამის საფუძვლად და ამ დღეს უფალს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ამდენად, მუსლიმებისთვის ეს დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. იგი სამ დღეს გრძელდება.