შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ლ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1975 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზიანებების შედეგად ა.ჭ. იმავე ღამეს გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე და 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.