საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. ღარიბაშვილის თქმით, ეს არის მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაული.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, ყურბან-ბაირამი ბიბლიურ თქმულებას უკავშირდება. უშვილო აბრაამმა ღვთის წინაშე პირობა დადო, რომ შვილი თუ მიეცემოდა, უფალს საყვარელ არსებას შესწირავდა. მას მართლაც გაუჩნდა შვილი და სიზმარი ნახა, რომ მადლიერების გამოსახატად ღმერთისთვის სწორედ შვილი უნდა შეეწირა, აბრაამმა ღვთისადმი მიცემული პირობა არ დაარღვია და შვილი სამსხვერპლოზე მიიყვანა. თუმცა უფალი მის ერთგულებაში დარწმუნდა და შვილის ნაცვლად შესაწირად ზვარაკი გამოუგზავნა. მუსლიმურ სამყაროში სწორედ ამ თქმულებას მიიჩნევენ ყურბან-ბაირამის საფუძვლად და ამ დღეს უფალს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ამდენად, მუსლიმებისთვის ეს დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. იგი სამ დღეს გრძელდება.
ასევე წაიკითხეთ:
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს