გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს

გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებიდან, მერიის თანამშრომლებმა გარევაჭრობის დახლები აიღეს. ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს. 

„მსუბუქი კონსტრუქციებისა და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა.

გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს“, - აცხადებენ გორის მერიაში.