პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში Covid-19-ის ორი, აზიური და ევრპული სახეობაა გავრცელებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ორი, აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას ყოველთვის განიცდიან. ვირუსები საკმაოდ ხშირად იცვლიან თავის ზნეს და ბუნებას. ვირუსებში ეს მუტაცია უფრო ხშირად ხდება. კორონავირუსში, ისევე როგორც სხვა ვირუსებში, მუტაცია ხდება.

პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა, ევროპაში ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ უფრო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ისიც არაფრისგან არ განსხვავდებოდა „ჩინურისგან“, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კორონავირუსის ჩინური ნაირსახეობა. ჩვენთან ძირითადად გავრცელებული არის ორი, აზიური და ევროპული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ახალი შტამის ინფექციის გადადება შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობის შედეგადაც მოხდეს, თუმცა ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული.

„ამაზე ჯერ არ არის კვლევები ჩატარებული, შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი, მაგრამ ძირითადი თავდაცვის საშუალება რაც არის, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე. ეს აბსოლუტურად ისევე კარგად გვიცავს ამ ახალი ნაირსახეობისგან, როგორც ძველი ნაირსახეობიდან“,- აცხადებს იმნაძე.