ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომლის დიპლომატიური მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში დასრულდება, „ამერიკის ხმასთან“ ილაპარაკა იმაზე, თუ ყველაზე მეტად რამ განაცვიფრა საქართველოში.
„ცხადია, რომ ჩემი აქ ყოფნის თითქმის ოთხი წლის მანძილზე იმდენი მოგონება მაქვს, რომ ჯერ კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება გვერდიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლისას, არც საქართველო და არც ქართული პოლიტიკა ჩემთვის სიახლე არ იყო, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს“, - განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის განცდა სასიხარულოა და მიაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია.
„როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეუღლისთვის, ფანტასტიკურია ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის, სითბოს და პატივისცემის განცდა, რაც აბსოლუტურად ორმხრივია. ამავდროულად, მე მქონდა ჩემი წილი უსიამოვნო სიურპრიზები და ინციდენტები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო იყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა ფერმკრთალია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც აქ ვიგრძენით. ეს არის ის, რასაც თან წავიღებთ რამდენიმე კვირაში როცა ქვეყნიდან წავალთ - ამდენი ქართველის სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.