ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმისა და თაბორის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის.

მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ მომენტისთვის 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები.

ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა პროცესს ართულებს ძლიერი ქარი.

ვინაიდან სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას, მეხანძრეები იძულებული არიან, ფეხით გადაადგილდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

„ასევე, ხანძარია სოფელ თაბორის თავზე, სადაც ტყის მასივი იწვის. ახალახანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

რეგიონში მსგავსი სიტუაციაა ონის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო ორბელის უღელტეხილზეც, რომლის ლოკალუზება, საბედნიეროდ, დროულად მოხერხდა“, – აღნიშნულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.