აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იქნება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელიდან პირდაპირ საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ბაიდენის თქმით, ხსენებულ ქვეყნებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის „მცირე სიმბოლოს“ წარმოადგენს.
Washington Post-ის სტატიაში სათაურით - „რატომ მივდივარ საუდის არაბეთში“, ბაიდენი ამბობს, რომ ის ისრაელიდან ჯედაში (საუდის არაბეთი) გაემგზავრება, სადაც „შეიკრიბებიან ლიდერები მთელი რეგიონიდან და მიუთითებენ უფრო სტაბილური და ინტეგრირებული ახლო აღმოსავლეთის შესაძლებლობაზე, სადაც შეერთებული შტატები უკიდურესად მნიშვნელოვანი ლიდერის როლს თამაშობს“.
აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ამ კვირაში ეწვევა, „უფრო სტაბილური და უსაფრთხოა იმასთან შედარებით, რაც მისმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო, 18 თვის წინ“. ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაიზარდა თავდასხმები აშშ-ის ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე რეგიონში, იემენში ომი გამწვავდა. ბაიდენმა ასევე ახსენა ირანის ბირთვული პროგრამა.
პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ.
ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.