კანადა გერმანიას დაუბრუნებს რუსული Nord Stream 1 მილსადენის გარემონტებულ ტურბინას, რომელიც გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების წყაროა.
უკრაინამ დაგმო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
„კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.
Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.
„ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.