ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მან Facebook-ზე წერილი გამოქავეყნა, სადაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ“

მისი თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო გამოეყოს „ქართული ოცნების“ გუნდს, რათა რიგ საკითხებზე უფრო თავისუფლად ილაპარაკოს. 

„ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.“ – წერს ღამბაშიძე. ღამბაშიძე საკრებულოს წევრად რჩება.

„ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს ქართული ოცნების გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით. რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.

მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის! თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა.

და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ" - წერს ღამბაშიძე.


ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.