უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ჩასივ იარზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ყველა, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს და აღასრულებს, აუცილებლად მოიძებნება და პასუხს აგებს.
მისივე განცხადებით, „ასეთი დარტყმების შემდეგ მკვლელები ვერ იტყვიან, რომ რაღაც არ იცოდნენ ან რაღაც ვერ გაიგეს“.
„ყველას იპოვიან, ვინც განახორციელა ეს დაბომბვა, სხვა სარაკეტო დარტყმები, ყველა, ვინც ჩვენს ქალაქებს სარაკეტო არტილერიით დაარტყა, როგორც ეს ხარკოვის რეგიონში, ზაპორიჟიესა და კრივი რიჰში მოხდა. სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის, ისევე როგორც - ნაცისტების. არ უნდა ელოდონ, რომ მათი სახელმწიფო დაიცავს მათ. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როდესაც პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, 9 ივლისს, საღამოს, ქალაქ ჩასივ იარში რუსეთის ძალებმა 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. მთლიანად დანგრეულია სახლის ორი შესასვლელი. კვირას, 18:00 საათისთვის, შემთხვევის ადგილზე 15 ცხედარი იპოვეს, ნანგრევებიდან ექვსი ადამიანი ამოიყვანეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ სახლის ნანგრევებში შესაძლოა, 23 ადამიანი იყოს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარს ისკანდერის რაკეტებით დაარტყეს და სულ მცირე ოთხი რაკეტა გაისროლეს.