ნინო ლომჯარია: ევროკავშირს უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს - უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება, მე ვარ კონსტიტუციური ორგანო და ჩემი კომპეტენცია, ჩემი ოფისის კომპეტენცია სადაც საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ლომჯარიამ.


ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.