"წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემაზე, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. ლომჯარიას თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობს და ახლა, საჭიროა გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტა.
„დღევანდელი ღონისძიებაც ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ გაცემული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე.
მოხარული ვარ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები და დასკვნები ძირითადად ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში.
ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ“, - განაცხადა ლომჯარიამ.