საქართველოს  32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად, საქართველოს 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ გააცილეს. თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება), გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.