„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია კლინიკა „ვივამედში“ მყოფ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დეპოლარიზაციის პროცესის დაწყების საშუალება იქნება. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს განცდა, რომ „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ახმოვანებს. „გირჩის“ ლიდერის თქმით, შეხვედრიდან ასევე გაიგო, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ევროინტეგრაციის პროცესში როგორღაც უნდა იყოს გზა დეპოლარიზაციისთვის და ამისთვის საქართველოს ექსპრეზიდენტს თანხმობაც აქვს გამოხატული. იაგო ხვიჩიას თქმით, სააკაშვილს ესმის, რომ მისი პატიმრობა პრობლემას ქმნის როგორც უკრაინასთან ურთიერთობაში, ისე დეპოლარიზაციის კუთხით.
„გირჩის“ ლიდერის თქმით, სააკაშვილის მთავარი ინტერესია, ჩაერთოს უკრაინულ პოლიტიკაში და ნაკლები ინტერესი აქვს „ქართული პოლიტიკის“ მიმართ. „უბრალოდ, მას როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ბევრი გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ „ქვეყნის გზა შეფერხდეს“, - აღნიშნავს ხვიჩია და ამატებს, რომ პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში სასაუბროდ არ იყო მზად ფიზიკურად.
„ავადმყოფის ინტერესი გავითვალისწინე, ბევრი შეკითხვა მქონდა, რომელზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ. მიხეილ სააკაშვილი არ იყო იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში, თუმცა მის ადეკვატურობასთან და ჩვენს საუბართან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ამას ხელი არ შეუძლია. ბატონ პრეზიდენტთან სხვა გარემოში საუბრის გაგრძელებას ვისურვებდით, სადაც ყველაფერზე საუბარი დეტალურად შეგვეძლება.
მე დღეს გავაცანი ორი პუნქტი - ერთი პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, და მეორე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანა - ან სამკურნალოდ, ან ექსტრადიციის ფორმით. ამ გზასთან დაკავშირებით, მასაც მიაჩნია, რომ ეს ყველაზე მარტივი გზაა, რომ ჩვენ დავძლიოთ პოლარიზაციის ნაწილი და შევძლოთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, თუმცა ეს რომ პროცესია და დრო სჭირდება, მე მგონი, მისთვისაც გასაგებია. მისგან მივიღე დაპირება, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ შუამავლობის ჩვენზე დაბრალება არ იქნება.
მანაც იცის, ჩემი პოზიცია, ჩვენი ინტერესები ახლა ერთმანეთს ემთხვევა. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლება პოლარიზაციის დაწევისთვის და დასავლეთში ინტეგრაციისთვის აუცილებელია და მიხეილ სააკაშვილსაც იგივე აზრი აქვს. ეს ყველაფერი მის თანაგუნდელებთან საუბრის საშუალებასაც მაძლევს და ვნახოთ, ერთი შეხვედრით არც მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს აზრზე გადმოვიდოდა. მისი თანაგუნდელებისთვის იქნება საინტერესო ინფორმაცია, რომ ჩვენ არ გვთვლის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად“, - ამბობს იაგო ხვიჩია.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილიც თვლის, რომ „პოლიტპატიმრების არსებობა (მათ შორის, ნიკა გვარამიასი) ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის“.
„მაინტერესებდა, რატომ თვლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თვითონ თუ იყო ამ პოზიციაზე, რომ „ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წარმომადგენლები“, ამაზე ცალსახად და არაორაზროვნად მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მისი კომისიის შექმნა იგეგმებოდა და ჩვენ საჯარო თანხმობა განვაცხადეთ, არ ჰქონია ასეთი ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ჭკუაზე დავდივართ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველთან“.