უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება და ცილოვან საკვებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ვერ იღებს.- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ,,ვივამედის” კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, თუ ექსპერტებმა ამ საქმეში ჩართვაში თანხმობა განაცხადეს ძალიან კარგია, ადვოკატს ეს აუცილებლად მიაჩნია. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. საჭმლის საქმეც ცუდად გვაქვს, ძალიან ცოტას, ჩიტივით ჭამს, არც კი ვიცი რა შევურჩიოთ. ცილოვანი საჭმელი სჭირდება, რომელსაც ვერ იღებს, ხორცის გაგონებაც არ უნდა”, - განაცხადა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.
9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.