2022 წლის 11 ივლისს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დარსალიამ ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით.