"ოპოზიცია ჩიხშია შესული, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ, მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როცა „ქართული ოცნება“ მუშაობდა და რადიკალური ოპოზიცია პროცესს გაემიჯნა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ახლა არიან ჩიხში, უკვე 1 კვირაზე მეტია გვესმის მათგან სურვილი, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ. ამიტომ, არც თემა, არც საკითხი იციან. რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან და არც მონაწილეობენ იმ საკითხებზე მუშაობაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. როდესაც საუბარია რიგგარეშე სესიაზე და სხდომაზე, ის რომ საგაზაფხულო სესია დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ვისვენებთ. ჩვენ ვხედავთ კომიტეტის სხდომებს, სამუშაო ჯგუფებს, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, არსებობს 3 პარტია, რომელიც ამ პროცესს გაემიჯნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ის 3 პარტიაა, რომელიც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი გუნდია.
ვხედავთ, რომ მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად მუშაობდა საკითხებზე და რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესისგან გამიჯნული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.