ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ განაცხადა. იუწყება Azernews-ი.
გრასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეთანხმება იქნება ბრიუსელის ერთ-ერთი ნაბიჯი გაზის კრიზისის დასაძლევად. მემორანდუმს ხელი მოეწერება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ბაქოში ვიზიტის დროს.
რიგაში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სიმსონმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, ტრანსადრიატიკის გაზსადენით ევროპაში გასატანი გაზის მოცულობა გაორმაგდება.
„ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.