ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში სინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრიი შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას.

იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ამ გლოვის ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.


შეგახსენებთ, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა.

ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.