შრი-ლანკის პრეზიდენტს, გოტაბაია რაჯაპაქსას ქვეყნიდან გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო აეროპორტში, რიგში ჩადგომაზე უარი თქვა. ამის შესახებ CNN-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.
რაჯაპაქსას თანაშემწეები ორშაბათს, კოლომბოს აეროპორტში მივიდნენ 15 პასპორტით, რომლებიც პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ, მათ შორის იყო პირველი ლედი, იომა რაჯაპაქსა, რომელმაც შრი-ლანკის ავიახაზების რეისზე, დუბაის მიმართულებით ადგილები დაჯავშნა.
ოფიცრებმა უარი თქვეს პრეზიდენტის თანაშემწეების მიერ მათთვის მიცემული პასპორტების მიღებაზე, რადგან რაჯაპაქსა და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ საპასპორტო შემოწმებაზე და, საბოლოოდ, ფრენა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გარეშე განხორციელდა.
CNN-ის წყაროს ცნობით, ოჯახს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა იგივე პრობლემა გაჩნდა, რადგან რაჯაპაქსებმა უარი თქვეს ფრენისთვის რიგში ჩადგომასა და საპასპორტო შემოწმებაზე უარი თქვეს.
რაჯაპაქსა ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს თანამდებობას. მოსახლეობა შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვს.
ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.