იუსტიციის მინისტრი: ქალთა დაწესებულებაში დაინფიცირებული მსჯავრდებულების ყველა კონტაქტი იზოლაციაშია, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებულ მდგომარეობის გათვალისწინებით, შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უწოდა.

მისი თქმით, ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დაფიქსირებულ 23 შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა, იზოლაციაში გადაიყვანეს როგორც დაინფიცირებულები, ისე მათი თანამესაკნეები და სხვა კონტაქტები.

„პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დავიწყეთ 31 დეკემბრიდან და გეგმაზომიერად მივყვებით ამ პროცესს. პირველ რიგში, PCR ტესტირებას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც, ასევე, ჩატარდა PCR ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს პირი გადაყვანილი და იზოლირებულია, ასევე, მათი კონტაქტები, თანამესაკნეები. ყველა ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და ვიმეორებ, სისტემა კვლავ ეფექტურად ფუნქციონირებს. ხაზს ვუსვამ, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ აჟიოტაჟს და დეზინფორმაციას. და რატომ ვუსვამ ხაზს – ჩვენ ახლა პასუხისმგებლები ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ. არავითარი საფრთხე და შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.