ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-abkhazia ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა რომან ლაბიიამ განაცხადა, რომ „სამინისტროს“ სპეციალისტები გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაემგზავრნენ.
მისივე თქმით, გაგრაში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ზუსტი ინფორმაცია დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხანძრის კერების უმეტესობა ძნელად მისადგომ ადგილებშია. ბიჭებს ცეცხლთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევთ,“- აღნიშნა რომან ლაბიიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის რაიონებში ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანური ფაქტორია.
რომან ლაბიიამ ხაზი გაუსვა, რომ გუშინ საღამოს გალის რაიონში ხანძრის ყველა კერის ლიკვიდაცია განხორციელდა.