POLITICO-მ საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოველენებსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს სტატია მიუძღვნა და ამასთან დაკავშირებით, შეფასება ასევე სთხოვა ქვეყნის პრეზიდენტს.
POLITICO-სთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ, გარკვეულ ძალაუფლებას იყენებს, მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.
„დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებასთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? ალბათ ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ ვიტყოდი, რომ არა. იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე ორი წელია, პოლიტიკისგან არის დისტანცირებული, არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
„როდესაც საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, მთავრობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ომში არ იყო ჩართული. გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის უჩვეულო ნაბიჯით, საქართველოს მთავრობამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროპულ ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს. რამდენიმე წელია, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის სხვა ოფიციალური პირები საქართველოს მისი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ აფრთხილებენ. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც აინტერესებდა, რა ლოგიკას ექვემდებარება მსგავსი თავდასხმები“, - წერს POLITICO.
„ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ თქვენ ელოდებით ქვეყნის პრეზიდენტისგან იმის თქმას, რომ მთავრობა ქვეყანაში საბოტაჟს ახორციელებს. უნდა ვთქვა, რომ ამ რიტორიკას ვეწინააღმდეგები, ბევრი კითხვა მაქვს, თუ რა ლოგიკა იდგა მსგავსი რიტორიკის მიღმა და ცხადია, რბილად რომ ვთქვა, ის არ დაეხმარა ჩვენი კანდიდატობის საკითხს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.