კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ.

კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება.

დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს. კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება.

აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).