გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივ განცხადებაზე არმიერთების საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს. უწყებაში Europetime-ს განუცხადეს, რომ „გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე“.
„საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.
ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).
გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“.