აშშ-ის საელჩო ფოთის პორტში ორი ამერიკული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ფოთის პორტში 3 იანვარს ორი ამერიკული გემი შემოვიდა, რომელიც სოიოთი და ხორბლით იყო დატვირთული. მათი თქმით, პროდუქტის გაყიდვით შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას მოხმარდება.

საელჩოს განცხადება:

საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა.

სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში.