ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა

მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

„საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპა და დავიცვათ წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ამ განსაკუთრებულ დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2022 წლის 21 აგვისტოს აღინიშნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და მონდომებით თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ორმხრივად მომგებიანი შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროებში.

2019 წლიდან ჩვენს მრავალგანზომილებიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას ამყარებს „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგი“, რაც დღესდღეობით, ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, საკვანძო/ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ბოლო წლებში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების გააქტიურება. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყანას, ევროპისთვის მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს, რის ფონზეც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანი პროცესია.

ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საფრანგეთის, როგორც წლების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის დახმარება, მათ შორის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობით, ფასდაუდებელია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კვლევის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი დინამიკა, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ მჯერა, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც 2019 წელს, თბილისში დაარსდა, წარმოადგენს ყველაზე პროგრესულ და პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ ხიდს.

მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საყრდენს. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ დგომა, ევროკავშირისა და NATO-ს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამაგალითოა.

ჩვენი ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგული მხარისადმი იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა იქონია 2008 წლის ომის დროს და რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული 20%-ის არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში ასრულებს.

საქართველო დიდად აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ნება მომეცით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მტკიცე სურვილი და მონდომება გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა პრემიერმა.