„პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის“ თბილისში 9 პირი დააკავეს - შსს

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში - საბუდარასა და არგოში, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის - გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების - არგოსა და საბუდარას ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების
ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.