დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.
16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.
24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.
დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“ დაეთმობა. მაყურებლის წინაშე ასევე, წარსდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“, „ძირიანი“.
„არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.