გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, სუსმ-მა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები სრულად დაუბრუნა - არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, 5 ივლისს, საქმეზე გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სრულად დაუბრუნა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები.

„თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ, ჩვენ ვერ შევძელით მისი სათანადო დათვალიარება, რადგან მის Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ დავათვალიერეთ ტელეფონში შენახული სხვა მონაცემები, მათ შორის, ფოტო მასალა და მასში ახალი შინაარსის მონაცემები და ინფორმაცია, მით უფრო, რაც ოფიციალური გამოძიების ნარატივებთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ“,

გარდა ამისა, მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სიახლეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საქმეზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის მშობლებმა სასამართლოს მიმართეს და სუს-ის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, 2022 წელს, მეორე ინსტანციის სასამართლომ, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოებმა მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაცხადი 2019 წლის ივნისში გაიგზავნა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაჩქარებული განხილვა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულმა სასამართლომ საქმეზე უკვე დაასრულა კომუნიკაცია მთავრობასთან და მათ შორის, მიიღო „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების (just satisfaction) საკითხებზე. „ამ დრომდე ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.