საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პროგრამები ღია და ხელმისაწვდომია სასამართლო სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის.
„მე ვერ ვისაუბრებ მოსამართლის სახელით. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მოხდეს გამოცდილებისა და იდეების გაზიარება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა და ეს იყოს სასარგებლო როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ეს არის ძალიან პოზიტიური და ეს პროგრამები ღია რჩება ქართველი მონაწილეებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს.
დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში.
„ეს არის ცენტრალური საყრდენი ამ სამუშაოსი, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში, ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ასევე მიუთითებს მასსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე.