შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.