აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-სთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის.
ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „მთავარი არხის“ რედაქციაში სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით მოპოვებული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ.
„ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს. ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ არ ეჩქარათ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინათ ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პირების მოსმენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასთვის, რადგან ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ.
მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ეთიკის ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ დისკუსია. ისინი საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.