2022 წლის 15 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკური დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები.
განსაკუთრებულად აღინიშნა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.