დავით ზალკალიანმა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ (The Heritage Foundation) პრეზიდენტთან, დოქტორ კევინ რობერტსთან, რის შემდეგაც გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია ფონდის ექსპერტებთან, რომლებიც წლებია საქართველოსა და რეგიონის თემებზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით ფონდის მიერ გაწეულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას და მეგობრობას, ასევე, მადლობა გადაუხადა ფონდის პრეზიდენტს აღნიშნულ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის. „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკული მხარის მზადყოფნას, განაგრძოს საქართველოს ყოველმხრივი მხარდაჭერა და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოწვევები. მრგვალი მაგიდის ფორმატში ფონდის ექსპერტებთან შეხვედრისას, ელჩმა ამერიკელ ექსპერტებთან აღნიშნა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რაც გახდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ მიღებულ ევროპულ პერსპექტივას, რაც, დავით ზალკალიანის განცხადებით, წარმოადგენდა პოზიტიურ განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე ამ ეტაპზე მიიღო.

საქართველოს ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ რეფორმების შემდგომი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. აქვე ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ყველაფერს გააკეთებს სამომავლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის მცოცავ ანექსიას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ პროპაგანდაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ და საქართველოს მიერ რუსული პროპაგანდის შეკავების კუთხით მიღებულ ზომებზე.