ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ამის შესახებ ნინო ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ანანიაშვილმა აღნიშნა, ახალ პოზციაზე ჯერ ოფიციაურად არ არის დასახელებული, მაგრამ მალე დაასახელებენ.

"გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" - ამბობს ანანიაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალეტის მნიშვნელობით "ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა". -განაცხადა ანანიაშვილმა.

ნინო ანანიაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ვითარებამ მიაღებინა, რაც პანდემიის გამო შეიქმნა ქვეყანაში.

" თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა" - უთხრა ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას და თქვა, რომ პანდემიის გამო ბალეტის მსახიობებს წინ ფინანსური პრობლემები ელით.

"ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ" - თქვა ანანიაშვილმა და დაამატა, რომ ის ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩება.

"სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ" - უთხრა ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას.