ირანმა 61 ამერიკელს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა მაიკ პომპეო

ირანმა 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა.  ირანი, მაიკ პომპეოს ქვეყანაში დისიდენტური ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რადგან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელახლა დასაწყებად მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეფერხდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში დისიდენტური Mujahideen-e-Khalq (MEK) ჯგუფის მხარდასაჭერის გამო მოხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია.

წარსულში ათობით ამერიკელზე დაწესებული სანქციები სხვადასხვა საფუძვლებით ირანის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩამოართვას ნებისმიერი აქტივი, რომელიც ისინი ირანში ფლობენ, მაგრამ ასეთი აქტივების აშკარა არარსებობა ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები სავარაუდოდ სიმბოლური იქნება.

მანამდე მედია წერდა, რომ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ბირთვული შეთანხმების განახლება ახლა ირანზეა დამოკიდებული. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ აშშ უნდა დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ შეთანხმებას - და რომ სიტუაცია ახლა ირანის ხელშია.


26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.

შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.