იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მთავრობაში არეულობის გამო, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ დი მაიომ Politico-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
ლუიჯი დი მაიომ, დრაგის კრიტიკოსები პუტინის საქმის შესრულებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ იტალიის პარლამენტში კენჭისყრისას, მთავრობის დაშლას ხელი არ შეუწყონ.
„რუსები ახლა ზეიმობენ, რომ მათ კიდევ ერთი დასავლური მთავრობა ჩამოაგდეს. ახლა მეეჭვება, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის გაგზავნა [უკრაინაში]. ეს მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა", - განაცხადა დი მაიომ.
მისი თქმით, თუ მთავრობა დაიშლება, საქმიანობას არჩევნებამდე შეზღუდული უფლებებითა და რესურსებით შეძლებს.
„ამან შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, რადგან მთავრობას არ ექნება უფლება, განაგრძოს უკრაინის შეიარაღება, დაეხმაროს ოჯახებს ცხოვრების ხარჯების კრიზისის დაძლევაში ან გააფორმოს გაზზე ახალი ხელშეკრულებები რეზერვების შესაქმნელად“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, დრაგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დასავლელი ლიდერია პუტინის წინააღმდეგ. ვინაიდან იტალია არის დასავლური ალიანსის მთავარი წევრი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, დრაგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვას და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი.
მანამდე დი მაიო მოძრაობას - „5 ვარსკვლავი“ ხელმძღვანელობდა, მაგრამ პარტია ერთი თვის წინ, უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე დაპირისპირების გამო დატოვა. მან პარტიის ამჟამინდელი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პუტინის დახმარებაში დაადანაშაულა.
მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება.
„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.