საბერძნეთში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა ტვირთის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დეტალები დასაზუსტებელია.

გადამზიდავი იტყობინება, რომ კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. 17 ივლისს, ღამით საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალის აეროპორტის დასავლეთით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა.

Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი სერბეთიდან, კონსტანტინე დიდის აეროპორტიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიფრინავდა.

ეკიპაჟმა შესავამისი სამსახურები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც საბერძნეთში საჰაერო მიმოსვლის ოპერატორებმა ეკიპაჟს თვითმფრინავის სალონიკის ან კავალის აეროპორტში დაშვება შესთავაზეს. პილოტმა ეს უკანასკნელი აირჩია, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დაშვება ვერ შეძლო. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.