საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი.
„უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური.
ამიტომ ღმერთმა გვაშოროს ჩვენ, ვევედროთ უფალს, რომ ამ გერგესეველთა სულისგან მოგვარიდოს და გვაშოროს ჩვენ, რომ შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”, - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.