ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 8 კერაა დარჩენილი

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 8 კერაა დარჩენილი - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახური ავრცელებს.

საქართველოს მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. დღის განმავლობაში რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში ხვალ დილიდან ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში.

შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან.

რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში,წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ დილით, როგორც საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში განაცხადეს, ბოლო 48 საათში, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 243 კერა იყო.