ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე განთავსდა.

მისი მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად, რომელშიც უკრაინული მედიის ცნობით, ნათქვამია, რომ „სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგები, ან შექმნა ასეთი შედეგების საშიშროება, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს“.

„ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან „სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოხსნილია“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება გენერალური პროკურორის მოადგილეს ოლექსი სიმონენკოს დაავალა.

როგორც BBC წერს, იმ დროს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ SBU-ს ერთ-ერთი რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ის სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისთვის ჯაშუშაობაშია ეჭვმიტანილი.

BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა.

„პროკურატურის და SBU-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებათა ასეთი რიგი და კავშირები, რომლებიც დაფიქსირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ. ყოველ ამ კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.