უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომერციული თვითმფრინავი უკრაინული ეკიპაჟით, რომელიც საბერძნეთში ჩამოვარდა, კერძო კომპანიის საკუთრებაში იყო.
„სერბეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავს სერბული წარმოების თავდაცვის ტვირთი ბანგლადეშში გადაჰქონდა“, - აღნიშნავენ სამინისტროში. მისივე განმარტებით, უკრაინის ავიაცია განლაგებულია დანიშნულ ადგილებში და აგრძელებს მისიების შესრულებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.