თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფი შექმნა

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების შეფასების, ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე წინადადებების შემუშავების მიზნით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, ერთ-ერთის შესრულებაზე იმუშავებენ.

ჯგუფის საქმიანობის ვადად, არაუგვიანეს პირველი ნოემბერი განისაზღვრა. ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრებთან ერთად სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფი შესაბამის წინადადებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებს.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია სამუშაო ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკით, მასში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევის საკითხებით და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით დაინტერესდა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის პირველივე სხდომაზე შეჯერდება ყველა ის მიმართულება თუ როგორ იმუშავებს ჯგუფი და რა ფორმით მოხდება გადაწყვეტილების მიღების და პოზიციების შეჯერების პროცედურა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ვითარებას შეაფასებს და გამოწვევების იდენტიფიკაციას მოახდენს, რომლის შემდეგაც უკვე კონკრეტული ინიციატივების მომზადება მოხდება. კომიტეტის წევრებმა სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. მომხსენებელმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა პროექტის რედაქციული ხასიათის ცვლილებებზე ისაუბრა. სხდომაზე განხილული კანონპროექტთა პაკეტი, პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.