ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა

დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა, არის მომავლის საგზაო რუკა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას.

„დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.